ყველა, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას, მათ შორის, ასეთი განცხადებებით. ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას, რომ „დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას ნიშნავს“.
როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, დეპოლარიზაციის კუთხით „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯი გადადგა, თუმცა რადიკალური ოპოზიცია კვლავ მაპოლარიზებელ რიტორიკას იყენებს.
„ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები. ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას.
თავის მხრივ, პოლიტიკურ ელიტაში რომ პოლარიზაცია პრობლემაა, ამას ყველა ვხედავთ. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამაში არ მოგვყვება და კვლავ რჩება მაპოლარიზებელ რიტორიკაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.