ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 24 ივნისს, ტყეში, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ე.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა მ.რ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის კაცს, რა დროსაც გასტაცეს თანხა. ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას და მათ მიერ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღეს. შემდეგ კი გადაღებული მასალის გავრცელების მუქარით რამდენიმე დღის ვადაში მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემა მოსთხოვეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.