ხოშტარია პროკურორებისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს

23 ივნისი 2022, 19:38 798 ნახვა

ბიზნესმენებისა და მოსამართლეების შემდეგ ელენე ხოშტარია სანქციების დაწესებას პროკურორებისთვის ითხოვს. პარტია "დროამ“ დღეს ბრიფინგი გამართა და პროკურორების სია წარადგინა. საქართველოს პროკურატურა "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს პროკურატურაზე ცილისმწამებლურ თავდასხმად აფასებს. "უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურაზე ცილისმწამებლური თავდასხმა და ე.წ. „შესაშინებელი სიები“-ს ყალბი ტირაჟირება არ არის ახალი და როგორც წესი, ჩვენი თანამშრომლების მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ ხასიათს ატარებს, ძირითადად ისეთი სისხლის სამართლის საქმეების მსვლელობის პარალელურად, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში მყოფი პირების დანაშაულებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს. ნათელია, რომ დღეს პროკურორების მიმართ დაწყებული მორიგი ცრუ პიარ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის უსუსურ მცდელობას. ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული კამპანიის ავტორები ცდილობენ, პროკურატურის და კონკრეტული პროკურორების საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას და ამასთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მსგავსი სიყალბეებით და დეზინფორმაციებით ვერავინ მიაღწევს მიზანს; საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას და თითოეული პროკურორის საქმიანობა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა სრულად იქნება დაცული საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში.“-წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი