ბათუმში, “ტვ პირველის" ოპერატორზე თავდასმის ფაქტზე ორი პირი დააკავეს - ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, დაკავებულია 2001 წელს დაბადებული ორი მოქალაქე.
„ჩვენს მიერ, უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2001 წელს დაბადებული ორი მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 18 ივნისს, 23:15 საათზე, ქალაქ ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „TV პირველის“ ოპერატორი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - რესპოდენტთან ერთად პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა, რა დროსაც მასთან ბრალდებულები მივიდნენ და „TV პირველის“ საქმიანობასთან დაკავშირებით აგრესიული საუბრითა და გინებით უკმაყოფილება გამოთქვეს. აღნიშნულის შემდეგ, ოპერატორსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ბრალდებულებმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - აღნიშნა კოკა კაციტაძემ.