არასწორი და ტენდენციური შეფასება - ასე ფიქრობს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გზავნილებზე. ისინი ,,ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშანს სვამენ და პრეზიდენტს სწორედ განცხადების იმ ნაწილში აკრიტიკებენ, სადაც სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხება და ამ კუთხით პრეტენზიები აქვს სახელისუფლებო პარტიასთან.
ივანიშვილის მისამართით ბრიუსელსა და უკვე საქართველოში გაკეთებული განცხადებებიც შეადარეს ერთმანეთს და ურთიერთსაპირისპირო კონტექსტიც ამოიკითხეს.
გაფუჭებული საქმეების გამოსასწორებლად კი პირიქით, იქეთ ეკითხებიან სალომე ზურაბიშვილს, რა გააკეთა პრობლემის გამოსასწორებლად როგორც პრეზიდენტმა.
ოპოზიციისგან განსხვავებით მმართველ გუნდში თათბირი ჩატარდა, საბოლოო პოზიციის შესაჯერებლად, რომელიც გუნდის სახელით გაასაჯაროვეს და სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ განცხადებებში დაადანაშაულეს.
კობახიძე ამბობს, რომ ზურაბიშვილი "რადიკალური ოპოზიციის" მესიჯბოქსში ჩაჯდა.