შემაშფოთებელია, როდესაც ე.წ. „ფეიკის“ მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება - კობახიძე

09 ივნისი 2022, 15:14 1223 ნახვა

„დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო. კამპანიამ, რომელიც კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად 2012 წლიდან წარმოებს, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე, ევროპარლამენტამდე მიაღწია" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია.

"უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სცენის - ე.წ. „ფეიკის“ მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება. პირველ რიგში, შევეხებით, არაერთ, შედარებით, მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს. მაგალითისთვის, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც, სწორედ კერძო კლინიკაშია. ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით,  გამაოგნებელია, როდესაც ევროპარლამენტი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში იმ ადამიანების გათავისუფლებისკენ არის მოწოდება, რომლებმაც საქართველოში მედიის თავისუფლება ფეხქვეშ გათელეს.

„მსუბუქად ნამდვილად ვერ გამოვეხმაურებით ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას „ჰუმანიტარული მოტივით“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ამგვარ მოწოდებებს ვკითხულობთ რეზოლუციაში, რომელიც მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს ეხება.

ღმერთმა დაიფაროს საქართველო და ევროკავშირის თითოეული ქვეყანა მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტისგან, რომელიც 2004-2012 წლებში სააკაშვილმა და გვარამიამ დაამკვიდრეს. გამაოგნებელია, როდესაც ევროპარლამენტი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში იმ ადამიანების განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს, რომლებმაც საქართველოში მედიის თავისუფლება ფეხქვეშ გათელეს, რომლებმაც ყაჩაღურად მიიტაცეს ყველა ეროვნული მაუწყებელი და საქართველოში ნაციონალური მოძრობის სრული მედიამონოპოლია დაამყარეს, რომლებმაც ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს და შემდეგ ის მოროდიორულად კანონიერ მფლობელს წაართვეს, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანია 7 მილიონით გაძარცვეს.

შეგახსენებთ, რომ სიცრუისა და სიძულვილის ყოველდღიური ტირაჟირებითა და მედიაში დამკვიდრებული ბილწსიტყვაობით, ეს ადამიანები დღემდე ფეხქვეშ თელავენ ყველაფერ ღირებულს, რასაც თავისუფალი მედია, როგორც საზოგადოების ინტერესების სამსახურში მყოფი დემოკრატიული ინსტიტუტი, განასახიერებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ მდგომარეობა არა მხოლოდ რადიკალურად გაუმჯობესდა, არამედ სააკაშვილისა და ადეიშვილის სასამართლოს ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა.

" 2012 წლამდე, სასამართლო სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ერთ-ერთ უმთავრეს რეპრესიულ ინსტრუმენტად იყო ქცეული. 2012 წლიდან, სასამართლო სისტემაში პირველივე წლებში 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 3-ჯერ შემცირდა წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების, ხოლო 2-ჯერ – საგამოძიებო მოქმედებებზე ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი. 5-ჯერ შემცირდა შეფარდებული ჯარიმის, ხოლო 18-ჯერ – გირაოს თანხის საერთო ოდენობა. პირველივე წლებში, 11-ჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. მხოლოდ ეს სტატისტიკაც საკმარისია იმის მტკიცებულებად, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ მდგომარეობა არა მხოლოდ რადიკალურად გაუმჯობესდა, არამედ სააკაშვილისა და ადეიშვილის სასამართლოს ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ერთადერთი, რასაც ივანიშვილს საქართველოს „კეთილმოსურნე“ შეიძლება ედავებოდეს, ის შეიძლება იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ დასაჯა.

"რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების – სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს.

იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება – „ფეიკის“ გავლენისგან დაცული და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი ევროპარლამენტი, რომელსაც საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით სუვერენულად მოქმედება შეეძლება“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი