აჭარასა და თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს - შსს

09 ივნისი 2022, 13:06 4135 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში და აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებიც აღკვეთა - სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღო და 3 პირი დააკავა.

ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკის არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდმაცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას  „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკი ამოიღო. ამასთანავე, დაბა ჩაქვში, ი.მ.-ის მითითებით ამოღებულია მის მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული ნარკოტიკი.

''ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ჯგუფურად მომზადება ედება ბრალად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში დაკავებულ 2 პირს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ბრალდებულების მითითებით, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრალდებულების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება.

ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ზ.ღ. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში, დიდი ოდენობით „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მის მიერ კულტივირებული 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ასევე, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული თ.ტ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 1 შეკვრა გამომშრალი „მარიხუანა“, „მდმა“-ს შემცველი 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 39 ძირი კანაფი'' - აცხადებენ შსს-ში. 

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი