“როდესაც ასამართლებ ყოფილ პრეზიდენტს ეს უნდა დაასაბუთო, იმიტომ რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს “ქართული ოცნების” მიზანია. პოლიტიკური დევნაა, როცა ადამიანს მაშინ აპატიმრებ, როცა გაწყობს” - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ აჭარის მაუწყებლის ეთერში განაცხადა. ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” აღნიშნა, რომ 2007 წელს ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, თუმცა ამბობს, რომ პრეზიდენტებს მსგავს საკითხებზე არსად ასამართლებენ.
რაც შეეხება შეწყალებას, აცხადებს რომ პრეზიდენტისგან უბრალო განცხადებები არ არის საკმარისი, რადგან მას აქვს საკმარისი ბერკეტი, იმისთვის, რომ პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში შეცვალოს. აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილს იმ განცხადების გამო, რომ ის არასდროს შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. მიაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა ყოფილიყო დამოკლეს მახვილივით დაკიდებული ხელისუფლებაზე.
ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება ნინო ბურჯანაძეს, რომ 7 ნოემბერს ძალა გადაამეტეს, თუმცა ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და მას პოლიტ-პატიმრად მოიხსენიებენ.
მმართველ გუნდში კი ნინო ბურჯანაძის განცხადებას არ აფასებენ, რადგან ფიქრობენ რომ მის პარტიას არ აქვს საზოგადოების ნდობა.