მთავრობის სარჩელი შეეხება მხოლოდ ელჩების დანიშვნის საკითხს და არავითარ შემთხვევაში პრეზიდენტის ვიზიტებს - კობახიძე

07 ივნისი 2022, 13:34 1142 ნახვა

მთავრობის სარჩელი შეეხება მხოლოდ ელჩების დანიშვნის საკითხს და არავითარ შემთხვევაში პრეზიდენტის ვიზიტებს, ვიზიტები არის განყენებული თემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, სასამართლო განმარტავს, როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები და ვისი მატერიალური პრეროგატივაა მათი დანიშვნა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, ეს კონკრეტული საქმე ვერავითარ შემთხვევაში არ და ვერ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი.

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონკრეტული საქმე ვერავითარ შემთხვევაში არ გახდება და ვერ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი. შესაბამისად, ეს არის სპეკულაცია. ერთადერთი, რასაც გააკეთებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არის ნორმის განმარტება. ანუ განმარტავს იმას, როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები, ვისი მატერიალური პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა. ამით შემოიფარგლება საკონსტიტუციო სასამართლო. იმპიჩმენტის საფუძველი ეს საქმე არ გახდება. სარჩელი არის საჯარო. შეგიძლიათ, ამოიკითხოთ ამ სარჩელიდან, რეალურად სად შეიქმნა პრობლემა.

კერძოდ, პრეზიდენტისთვის საქართველოს მთავრობის მხრიდან შეთავაზებულ იქნა სამი გადაწყვეტილება. ერთი ეს იყო დავით ბაქრაძის დანიშვნა გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა უარი, გაუგებარია მიზეზი და იყო მოქმედი, მუდმივი წარმომადგენლის, კახა იმნაძის გადასვლა კანადაში, ამაზეც ითქვა უარი. ეს იყო იმნაძის გათავისუფლება ვადამდე, თუმცა ტექნიკური საკითხი, ივნისში ისედაც ეწურება ბატონ იმნაძეს უფლებამოსილების ვადა. უარი ითქვა ამ სამ შეთავაზებაზე – იმნაძეს ორი თვით ადრე შესწყვეტოდა უფლებამოსილება და გადასულიყო კანადაში და ბაქრაძე დანიშნულიყო გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად. ეს წარდგინება შევიდა მთავრობის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან პრეზიდენტთან და ამაზე ითქვა უარი. შესაბამისად, სარჩელი შეეხება თანამდებობის ორ პირს, დავით ბაქრაძეს გაერო-ში, კახა იმნაძეს – კანადაში. ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩის დანიშვნის მატერიალური უფლებამოსილება ეკუთვნის მთავრობას და აღნიშნა, რომ საქართველოც საპარლამენტო რესპუბლიკაა.

არავითარი პოლიტიკური დაპირისპირების მოედანი ეს არ არის, ეს არის დავა კომპეტენციურ საკითხთან დაკავშირებით, - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

მისივე თქმით, ოპოზიცია გაკოტრებულია და ცდილობს საკუთარი ფუნქცია სხვამ, მათ შორის, პრეზიდენტმა შეასრულოს.

''თვითონ დავას რაც შეეხება, თვეების წინ ითქვა, რომ ეს არის დავა კომპეტენციის განსაზღვრის შესახებ, რომ ცხადი იყოს დიპლომატიური სამსახური და ელჩების დანიშვნა მიეკუთვნება თუ არა მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, ამაზე იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო, არავითარი პოლიტიკური დაპირისპირების მოედანი ეს არ არის, ეს არის დავა კომპეტენციურ საკითხთან დაკავშირებით,"- განაცხადა თალაკვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი