შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქართულმა პოლიციამ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
„ქართულმა პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებმა, წარმატებულმა პროექტებმა ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრის თქმით, ევროპული სახელმწიფოს ფუნდამენტზე აგებული ქვეყნის პოლიცია და საზოგადოება ბევრი გამოწვევის წინაშეა.
''მთავარი გამოწვევა ერთმანეთის პატივისცემა, სოლიდარობა, შრომის დაფასება, სამართლიანი კრიტიკა და ამ პრინციპების დაცვით ქვეყნის ერთიანობის, სტაბილური განვითარების და ღირსეული მომავლის უზრუნველყოფაა. ჩვენი პროფესიული სირთულეების გამო, ხშირად მათთვის არ გვყოფნის დრო, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს - ჩვენი ოჯახებისა და შვილებისთვის. მადლობა თითოეულ მათგანს, პროფესიულ გზაზე პოლიციელთა მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრობისა და თმენის სიმტკიცისთვის. პოლიციელის პროფესიის და ფიცის ერთგულება, სამშობლოსა და თანამოქალაქეებისთვის სიცოცხლის გაწირვა, საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა - ეს არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ უკან, ოჯახებში მომლოდინე ადამიანებს კი გისურვებთ, ყოველთვის გეამაყოთ თქვენი ოჯახის წევრი პოლიციელებით და ყოველი სამუშაო დღის შემდეგ უვნებლად, მშვიდობით დაგბრუნებოდეთ საყვარელი ადამიანები“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.