საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს.
ოპოზიციის ნაწილი პრემიერს იმ ნაბიჯების ნუსხას გადასცემს, რომელიც მათი განცხადებით, აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაბრკოლება არ შეექმნას.
„საქართველომ გააკეთა ევროპული არჩევანი საკუთარ ისტორიულ ღირებულებებზე დაყრდნობით. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ახლოს ვართ ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე. რამდენიმე კვირა დარჩა, ვიდრე გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის მინიჭება/არმინიჭების შესახებ.
მსგავსი უნიკალური შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია კიდევ ათწლეულები გადავადდება. სწორედ ახლა, ამ უახლოეს კვირებში უნდა ვაჩვენოთ ევროკავშირს, რომ საქართველო მზად არის გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად ევროპასთან დასაახლოებლად, ძირეული რეფორმების განსახორციელებლად და ამ გზაზე სიარულს ქვეყანა იწყებს შემდეგი ნაბიჯების გადადგმით: ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში; საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება მე-2 და მე-3 მოსმენებით; შეწყდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე - დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა; უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, სადაც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები უკრაინაში; მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას; ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა; მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა/რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.