ომის დაწყების დღიდან, საქართველო გამოხატავს სოლიდარობას უკრაინისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური, დიპლომატიური ნაბიჯები - პრემიერმა

27 მაისი 2022, 15:49 696 ნახვა

ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია რა თქმა უნდა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების და ასევე, გაერო-ს ქარტიის უხეშ დარღვევას, რაც აქამდე არნახულ გამოწვევას უქმნის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. ამ ვითარებაში, ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში. სხვაგვარად რა თქმა უნდა შეუძლებელია, რადგან უკრაინასთან ჩვენ გვაქვს ისტორიული მეგობრობა, ჩვენ ქვეყნებს აქვთ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, მთავრობამ უკრაინელი ხალხის, მათ შორის საქართველოში ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად უკვე გაიღო შვიდი მილიონი აშშ დოლარი, მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო ერთი მილიონი ლარი.

„ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000-მდე უკრაინელის დახმარებას. უკრაინისადმი დახმარება გაგრძელდება და ამისთვის წლის ბოლომდე ჩვენი ვარაუდით, შვიდი მილიონი აშშ დოლარზე მეტი გამოიყოფა. დღეის მდგომარეობით, საქართველომ უკრაინაში გაგზავნა 1 000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით. უკრაინის სახელმწიფო ფოსტის ინფორმაციით, საქართველო, მეგობრებო, 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით; უკრაინელი მეგობრების, მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია რამდენიმე ცხელი ხაზი. უკრაინის მოქალაქეებს უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით, საკვებით, ტანსაცმლით, ყველა საჭიროებით, რაც მათ საქართველოში სჭირდებათ. ასევე, შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი ჩამოყალიბდა. ასეთივე სკოლა ბათუმშიც გაიხსნა და ჯამში უკვე 900-ზე მეტი მოსწავლე არის ჩარიცხული“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს, ეროვნულ დონეზე, ჩვენ ჩვენი ეკონომიკური სანქციები არ დაგვიწესებია რუსეთის წინააღმდეგ და ამას არც გავაკეთებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არაერთხელ განგვიცხადებია და მინდა, კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან განვაცხადო, არ დავუშვებთ არც ერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი