აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად ზაზა შავაძე დაინიშნა

24 მაისი 2022, 17:32 4006 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად ზაზა შავაძე დაინიშნა - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ზაზა შავაძე გიორგი სურმანიძეს შეცვლის.

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ სურმანიძე გუნდში რჩება და მუშაობას გააგრძელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. 

ზაზა შავაძე ამ დრომდე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 

''ზაზა შავაძე დაინიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად. ის ხელმძღვანელობდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ზაზა შავაძე არის გამოცდილი  მენეჯერი, ეკონომისტი და დარწმუნებული ვარ გააძლიერებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი სურმანიძეს გაწეული სამსახურისთვის, გიორგი რჩება გუნდში და ის საქმიანობას გააგრძელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გიორგი სურმანიძე კი ამბობს, რომ გუნდის წევრად რჩება. 

''მინდა მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალ ერთეულებს, ბატონ თორნიკეს. მე ვრჩები გუნდის  წევრად. ძალიან ბევრი მიღწევა გვქონდა ამ ორ წელიწადში, მიუხედავად სირთულისა და პანდემიისა. ჩვენ გავაგრძელებთ გუნდურ მუშაობას უკვე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში და ვიხილავთ ბევრ საინტერესო  სიახლეს'' - თქვა გიორგი სურმანიძემ. 

რაც შეეხება ახალ მინისტრს. ზაზა შავაძე აცხადებს, რომ სამინისტროს გასაძლიერებლად იმუშავებს. 

''მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს და "ქართული ოცნების" გუნდს ნდობისთვის. შევეცდებით, რომ მაქსიმალური მონდომებით და მაქსიმალური ჩართულობით განვავითაროთ აჭარის სოფლის მეურნეობა", - თქვა ზაზა შავაძემ.

აჭარის მთავრობაში არ დაუკონკრეტებიათ რა გახდა საკადრო ცვლილებების მიზეზი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი