თურქეთი ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების მხარდასაჭერად თავისი მოთხოვნების სიას აქვეყნებს.
ანკარა ერთგულია ალიანსის ღია კარის პოლიტიკის, თუმცა კანდიდატი ქვეყნებისგან პრინციპულ ნაბიჯებს ელოდება და კონკრეტული დაპირებების დადებას მოითხოვს უსაფრთხოების იმ საკითხებში, რომლებიც თურქეთის შეშფოთების საგანს წარმოადგენს.
ანკარა სტოკჰოლმისგან „ქურთ მუშათა პარტიისა“ და ასევე ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დაფინანსებისა და მხარდამჭერი შეწყვეტას მოითხოვს. ორივე ამ ორგანიზაციას თურქეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს. ასევე, ანკარა ითხოვს, რომ შვედეთმა გააუქმოს თურქეთისთვის 2019 წელს დაწესებული ემბარგო შეიარაღების ექსპორტზე.
თურქეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ბოლო პუნქტი არის – „ტერორიზმთან ბრძოლისთვის გლობალური თანამშრომლობა“.
თურქეთი არის ნატო-ს ერთადერთი წევრი, რომელმაც შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით უარი განაცხადა.