„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა.
მისივე განცხადებით, მას დღეს ოჯახის წევრებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, შესაბამისად გამოკვლევებზე სავარაუდოდ მომდევნო დღეებში გადაიყვანენ.
„ამ შემოთავაზებაში არ არის საუბარი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, მას შესთავაზეს, რომ „ვივამედში” გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. მას შესთავაზეს, რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც განუცხადა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს უიშვიათესი დღეა მისი აქ ყოფნის განმავლობაში, როცა ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს, აქ იმყოფება მისი დედა და შვილი, რის გამოც მოუწია უარის თქმა.
მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს შეეხება მხოლოდ კვლევების ჩატარებას, არანაირი მკურნალობის მიზნით გადაყვანაზე საუბარი არ არის.
იუსტიციის მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი საკვებს არ იღებს არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს არის სიცრუე. რადგან არის ძალიან დიდი სხვაობა კვებას არ იღებს და კვებას ვერ იღებს შორის. მას აქვს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და ის საკვებს ვერ იღებს. ამაზე სამედიცინო დასკვნაც არსებობს, არსებობს სავარაუდო დიაგნოზიც, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ანორექსიასთან...
მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში მზად არის გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე. მაგრამ საუბარი იყო, რომ დღეს ვერ წავიდოდა, ვინაიდან შეხვედრა აქვს ოჯახთან”, - აღნიშნა კობა ნაყოფიამ.