საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს დღეს გადასცემს. 2300-მდე კითხვაზე პასუხების გაცემისა და ბრიუსელში დოკუმენტის გადაგზავნის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
ქვეყანა უკვე ევროკომისიის შეფასებას დაელოდება - იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? საბოლოო გადაწყვეტილებას 27 სახელმწიფო მიიღებს.
ევროკომისია საკუთარ მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ სავარაუდოდ ერთ თვეში წარადგენს. კითხვარი გამოიყენება იმის შესაფასებლად, მიენიჭოს თუ არა ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და დაიწყოს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მასთან მოლაპარაკებები.
საქართველომ ევროკომისიისგან კითხვარი ორ ნაწილად მიიღო. კითხვარის პირველი ნაწილი ქვეყანამ უკვე შეავსო და ევროკომისიას 8 დღის წინ გადაეცა.