ომის 65-ე დღე. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლება რუსკა ლოზოვაია ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს და ახლა ის მთლიანად უკრაინის ჯარების კონტროლის ქვეშაა.რუსული არმია ინტენსიურად უტევს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილს. ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს ხარკოვი. სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რეგიონი 16-ჯერ დაიბომბა. აქტიური ბრძოლები იზიუმის მიმართულებითაც გრძელდება. ამასთან, გუშინ საღამოს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს კრამატორსკზე. ოფიციალური ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ასევე მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დროებით მოწყობილი საავადმყოფოს ბოლოდროინდელი დაბომბვის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.