აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს აქტი ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებს.
როგორც განმარტავენ, კანონპროექტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა გასული წლის 8 თებერვალს წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგინეს.
აქტი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი.
ორპარტიული კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, უკანონო დაკავებებისა და გატაცების ფაქტებს.
კანონპროექტი მოუწოდებს რუსეთს სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება.