პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი

18 აპრილი 2022, 12:20 988 ნახვა

საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა სანქციებს გვერდი აუაროს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 

„ჩვენ სანქციებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს, საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით რაიმე პრეტენზიები არ არსებობს.

ჩვენ ორმხირივ სანქციებზეც გვქონდა გულახდილი საუბარი. რასაც ვუყურებთ და ამაზე ვფიქრობ, რომ უკვე პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება რუსეთის გადაწყვეტილებებზე რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, მაგრამ მთავარი ამ კუთხით, უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს და ეს არის მთავარი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც გამოვლილი აქვს სამი ომი, სადაც ჩართული იყო რუსეთი.

''ამ ვიზიტმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ გარკვეულიყო ბევრი საკითხი. მქონდა მათ შორის ცალკე შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, გვქონდა გაერთიანებული შეხვედრა. ვფიქრობ, ყველა ეს საკითხი გარკვეულია, ჩვენ გამგზავრებამდე გვქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია. დღეს, კრიზისულ სიტუაციებში განსაკუთრებით მოწყვლადია საინფორმაციო სივრცე დეზინფორმაციისთვის და ამიტომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება, გაჟღერდეს მედიაში ან სხვადასხვა ორგანიზაციიდან, ერთმანეთთან გადამოწმდეს და ვფიქრობთ, ამაში შევთანხმდით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, იქაც აღვნიშნე, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც 90-იან წლებში, 2008 წელს გამოვლილი აქვს სამი ომი, სადაც ჩართული იყო რუსეთი, შესაბამისად, ჩვენ განსაკუთრებული მგრძნობიარობა გვაქვს, განსაკუთრებით ვუყურებთ, თუ არსებობს რაიმე პრეტენზია, სადაც შეიძლება, იყოს მინიშნება, თითქოსდა საქართველოს შეიძლება, ჰქონდეს ცალკე, გვერდითი მოლაპარაკებები რუსეთთან.

ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი მეგობრებისთვისაც უკრაინაში გასაგებია, რომ საქართველო ამ კუთხით არის განსაკუთრებული ქვეყანა, ქვეყანა, რომელშიც დღემდე არის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებული, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მგრძნობელობა, როდესაც ასეთი ტიპის პრეტენზიები შეიძლება, გამოითქვას. მითუმეტეს, რომ ამის უკან საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი