საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით უკრაინის უმაღლეს რადაში შეხვედრა გაიმართა. ქართველი დეპუტატები უკრაინელ კოლეგებს შეხვდნენ.
შალვა პაპუაშვილს უკრაინელმა კოლეგამ რუსლან სტეფანჩუკმა უმასპინძლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. მათ ერთხმად განაცხადეს, რომ ორი ქვეყანა მეგობრულ ურთიერთობას და პარტნიორობას აგრძელებს. შალვა პაპუაშვილმა დღეს უკრაინელ კოლეგას უთხრა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მან რუსლან სტეფანჩუკს იმ ჰუმანიტარული დახმარების შესახებ მოუყვა, რასაც საქართველოს მთავრობა უკრაინის ხალხისთვის აკეთებს.
“სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმ სურათის, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ბუჩაში, ირპინში, ბოროდიანკაში, რამატორსკიში. მთელმა მსოფლიომ იცის ამ სისასტიკის შესახებ. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი. პატივი სცეს უკრაინის ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში” - აცხადებს პაპუაშვილი.