მტკიცებულებები მოსთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა - მდინარაძე

06 აპრილი 2022, 14:37 1011 ნახვა

საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი, ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, მტკიცებულებები მოსთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში.

„სამწუხაროდ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად ჩვენი ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ აქამდე არნახული და გაუგონარი ჰიბრიდული ომი მიმდინარებს! აქვე ყველასთვის აშკარაა, რომ დღეს, უკრაინის ხელისუფლებაში, სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიციის, იგივე ომის პარტიის წარმომადგენლები და მათი კოლეგები საქართველოს წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ. ამ ომში ჩართულია მთელი მათი რესურსი და მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის, ფეიკნიუსებისა და პროვოკაციების ხარისხი უკვე ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა!

საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, როგორც ომის პარტიის, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად იმეორებენ ფრაზას საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად  მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ჰქონდა მკაფიო, პრინციპული პოზიცია! ასე იყო ევროსაბჭოში, სადაც საქართველომ რუსეთისთვის წევრობის სტატუსის შეჩერებას დაუჭირა მხარი; გაეროში - სადაც საქართველო შესაბამისი რეზოლუციის თანასპონსორი იყო; პრინციპული პოზიცია გვქონდა ეუთოში, ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით და ყველგან, სადაც უკრაინას ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა დასჭირდა და სჭირდება. აღარაფერს ვამბობთ ასობით ტონა ჰუმანიტარულ ტვირთზე. ჩვენ ყველგან უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ"- განაცხადა მდინარაძემ.

​მისივე თქმით, საქართველოს საზღვრები ძალიან კარგად კონტროლდება. რაც ამ ქვეყანას დააბრალეს, მსგავსი რამ არც კი გაუფიქრებია ამ ქვეყანაში არავის.

მდინარაძის განცხადებით, ქართული მხარე კატეგორიულად მოითხოვს  უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს მიმართ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი