არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად - ზალკალიანი 

31 მარტი 2022, 14:33 573 ნახვა

არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. 

„მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვგრძნობთ, რომ არის მცდელობა, ის მძიმე შედეგები, რომლებიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს გამეორებული საქართველოში და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის; იმ პოლიტიკის, რომელიც გამოაცხადა ჩვენმა ხელისუფლებამ, პოლიტიკის, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, დეოკუპაციაზე და ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე, რომელიც საქართველომ არაერთხელ აიღო. ჩვენ ამ ვალდებულების ერთგული ვართ და ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენი იურიდიული ვალდებულება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს. ჩვენ ასევე ვართ ერთგული ჩართულობის პოლიტიკისა და იმ სიკეთეების გაზიარებისა, რომლებსაც ვთავაზობთ ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს მოქალაქეებს. სიკეთეები, რაც მოაქვს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, სწორედ ამ სიკეთეების გაზიარება გვინდა ჩვენი დებისა და ძმებისთვის, რომლებიც ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ. სწორედ ეს არის ჩვენი კონტრიბუცია, წვლილი იმ სამშვიდობო პოლიტიკაში, რომლის ერთგულიც არის საქართველო“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი მიუღებელია, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია.

დავით ზალკალიანმა ამის შესახებ დანიელ კოლეგასთან, იეპე კოფოდთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბატონი მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა საოკუპაციო ხაზს და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა ამისთვის, რადგანაც ჩვენი დანიელი კოლეგები საკუთარი თვალით ნახავენ იმ აგრესიის შედეგებს, რაც მოჰყვა 2008 წლის ომს და რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, დღევანდელ მძიმე სიტუაციაშიც კვლავ გვესმის სხვადასხვა სახის მოწოდებები, რომლებიც სრულ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომლებიც არის ღირებული როგორც ევროკავშირისთვის, ისე ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც ტერიტორია არის ოკუპირებული. ამ ტერიტორიების ოკუპაციას აქვს არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც. ეს სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ იქ მიმდინარეობს ოკუპაცია. ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა, მით უფრო, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან და ეთნიკური წმენდის შედეგად, არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება. აქაც გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი მეგობრების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში