შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარასა და იმერეთში ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს, მათგან 5 პირი ნარკორეალიზატორია.
"1988 წელს დაბადებული ს. ნ., 1974 წელს დაბადებული კ. კ., 1973 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ბ., 1970 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი დ.ტ. და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. დაკავებული არიან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის.
1988 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, 1979 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1960 წელს დაბადებულ ი.ჩ.-ს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „სუბოქსინის“, “მეტადონის” და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ზ.ბ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ასევე, სამართალდამცველების მიერ სპეციალური სამალავიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“, რომელიც სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, გ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 9 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს ტ.კ., რომლსაც 250 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" უკანონოდ, სხეულით შემოჰქონდა.
იმერეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ჩ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში დააკავა. სამართალდამცველებმა, მისი პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებული მ. გ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს: 60 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“, 1 კილო და 500 გრამი გამომშრალი "მარიხუანა" და 160 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის “ შემცველი ნივთიერება.
ბრალდებულებისგან პოლიციამ ასევე ამოიღო სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და სავარაუდოდ რეალიზაციისგან აღებული ფული, ასევე, მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.