31 წელი 1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმიდან. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ დადებითად უპასუხა კითხვას - თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა საერთო სახალხო კენჭისყრაში მონაწილეთა 98,9 პროცენტმა.
რეფერენდუმი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. მასში მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობაც. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ 302 ათას 572 ადამიანს შეადგენდა, რაც მაშინდელ ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტი იყო. სწორედ რეფერენდუმის საფუძველზე ზვიად გამსახურდიამ უკვე 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
საქართველოში საბჭოთა რეჟიმი დასრულდა. 1991 მაისში ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდა. რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერმა.
„31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, შეუქცევადი გახადა სვლა მიზნისაკენ, ეს მიზანია თავისუფალი, ერთიანი და ძლიერი საქართველო, რომელსაც უნიკალური ისტორიითა და კულტურით ღირსეული ადგილი უკავია მსოფლიო ერთა შორის“-აღნიშნულია განცხადებაში.