სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინული მედია

29 მარტი 2022, 15:49 1028 ნახვა

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულდა​. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებისას რამდენიმე საკითხზე ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მთავარი არის შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებით და მხოლოდ ამ შეთანხმებით არის შესაძლებელი ომის დასრულება იმგვარად, როგორც ეს უკრაინას სურს.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა ჩვენ შევძლოთ ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა. დღეს ასევე გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა – ეს არის ომის ესკალაციის პრობლემა, ზიზღის ესკალაცია, ომის წარმოებისა და წესების დარღვევის ესკალაცია, ეს ხდება არა მხოლოდ საბრძოლო ველზე"- განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ მედინსკის თქმით, უკრაინულ მხარესთან გრძელდება კონსულტაციები და იმედოვნებს, რამდენიმე საათში გააკეთებენ განცხადებას მოლაპარაკების შედეგებთან დაკავშირებით.

„ჯერჯერობით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გავაპროტესტეთ ის ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანდა ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროების შეურაცხყოფა. ეს პროტესტი მიიღო უკრაინულმა მხარემ, დაგვპირდნენ, რომ მიიღებენ უმკაცრეს ზომებს, პირველ რიგში დაიჭერდნენ მათ, ვინც გაავრცელა ეს სამხედრო დანაშაულები“, – აღნიშნა ვლადიმირ მედინსკიმ.

უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური დელეგაციების მოლაპარაკებები თურქეთის ქალაქ სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი