სამართალდამცველებმა გახსნეს სქემა, რითაც თაღლითური ჯგუფი ტურისტებისგან დიდ თანხას ითვისებდა

26 მარტი 2022, 13:50 1952 ნახვა

ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხის დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში. დაკავებულია 13 პირი.

საგამოძიებო მოქმედებები კლუბებში  ჩატარდა.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითური ქმედებით  სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ. ისინი ტურისტებს მოტყუებით, მუქარით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ  მათი დანაშაულებრივი ქმედებით სერიოზულად ილახებოდა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯი.

ბრალის დამტკიცების შემთვხევაში დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნონა ჩხარტიშვილი
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში