"ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ხვალ პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იყო. ამის შესახებ, სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხის გარდა უმრავლესობის წევრებმა ის გლობალური პროცესებიც განიხილეს, რა გამოწვევების წინაშეც დღეს მსოფლიო დგას.
შეგახსნებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხვალ, პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებსა და ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს. პარლამენტის პლენარული სხდომაზე, პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის საკითხებზე მოხსენებით გამოვა.
მისი გამოსვლა 12:00 საათზე დაიწყება. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნას ფრაქციათა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები დაიკავებენ. სულ შვიდი გამომსვლელი იქნება, რომელთა სიტყვით მიმართვისთვის 10-10 წუთი განისაზღვრა.