მთავარი ის არის, რომ პროცესი დაიძრა და ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის მწვანე შუქია ანთებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ და მოლდოვამაც ევროკავშირისგან ისეთივე მწვანე შუქი მიიღეს, როგორც უკრაინამ.
„ასოცირების ტრიოს წევრები ვართ, შესაბამისად, ამ ტრიოს მიმართ თანაბარი მიდგომაა იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რაც ევროკავშირს აქვს.
იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს. არის სამუშაოს რაღაც მოცულობა, რაც დროში ვერ შემცირდება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ პროცესი დაიძრა და მწვანე შუქია ანთებული ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის. რამდენიმე წლით აქეთ გადმოიწია მდგომარეობამ და გადავედით იმ პროცესზე, როდესაც რეალური საუბარი ხდება, როგორი უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების, თუ გაწევრიანების პროცესი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ მთავარი ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან დაახლოებაა.
„მთავარი გამოწვევაა ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან დაახლოება, რაც სწრაფი და ადვილი გზა არ არის. აქ სხვადასხვა ეტაპია. საქმე შეეხება ბევრ რეგულაციას, აქ ხდება აწონ-დაწონვა, რომელ ეტაპზეა სახელმწიფო მზად, რომ ესა თუ ის რეგულაცია შემოიღოს ბიზნესისა თუ სხვა სფეროებისთვის. მთავარია, რომ ეს პროცესი დაიწყო. ეს უკვე არის გამარჯვება იმ კუთხით, რომ საქმემ, რაც 2024 წლისთვის უნდა გაკეთებულიყო, გადმოიწია რამდენიმე წლით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.