ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძვანელების პირისპირ შეხვედრის პარალელურად უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება, პუტინი კი ისევ არ აღიარებს, რომ ომი დაიწყო. ოკუპანტების არმია ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ბაღებს, ატომურ ელექტროსადგურსაც კი. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, უკრაინელი და რუსი ჯარისკაცი - ასეთია რუსეთ-უკრაინის ომიდან მეთხუთმეტე დღე.
ხარკოვთან ახლოს, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია. დაშავებულია 5 წლის გოგონა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.ღამით ხარკოვის ცენტრი სავაჭრო ცენტრიც დაიბომბა, თუმცა იქ მსხვერპლი არ ყოფილა. ინფორმაციას BBC უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სუმში, ქალაქ ახტირკაში თავდასხმას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია 13 წლის ბიჭი და 2 ქალი.
BBC ინფორმაციას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრო ჟივიცკიმ თქვა, რომ რუსებმა დაბომბვა შუაღამეს დაიწყეს, დაარტყეს საცხოვრებელ უბნებსა და გაზსადენს. საჰაერო დარტყმების სამიზნეა ჟიტომირიც. რუსული ბომბი წუხელ საცხოვრებელი სახლის, საავადმყოფოსა და თბო-კომუნალ-ენერგოს სიახლოვეს ჩამოვარდა. არიან დაშავებულები.
აფეთქებების ხმა ისმოდა გარეუბნებშიც. უკრაინის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო კიევთან ახლოს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა დენისენკომ. ამ დროისთვის ბრძოლები ქალაქის დასავლეთ გარეუბანში მიმდინარეობს.