საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს 1500-მდე მოქალაქეს გაუწია დახმარება - ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინიდან და მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან საქართველოს საკონსულო დაწესებულებებმა სამშობლოში დამატებით საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნება უზრუნველყო. გრძელდება ლვოვიდან და ოდესიდან მათი ორგანიზებულად გამოყვანა.
საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ასევე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები.