პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

04 მარტი 2022, 10:54 1391 ნახვა

განათლების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა. 

პირველ ეტაპზე - 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები. პირველ ეტაპზე, დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა, განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას.

რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის პერიოდი 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით განისაზღვრა. 

მეორე ეტაპზე - რეგისტრაცია 2 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: ა) და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში; ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია; გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

მესამე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. 

მეოთხე ეტაპი – 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ პირველ, მეორე და მესამე ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში