ხორბლისა და ფქვილის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სოფლის მეურნეობის მინისტრი 

28 თებერვალი 2022, 16:37 864 ნახვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ხორბალთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ არსებობს. დაახლოებით, 50 ათასი ტონის მარაგია ქვეყანაში.

ოთარ შამუგიას თქმით, ხორბლისა და ფქვილის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ჩვენ გვაქვს დღემდე მოლაპარაკებები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ შევთავაზეთ კონკრეტული წინადადება. ჩვენი შეთავაზება არის ხორბლის ნაწილში სუბსიდირება, რათა ფასი კონკურენტული გახდეს და წისქვილებმა კონკურენტულ გარემოში მუშაობა შეძლონ. მათაც აქვთ თავისი წინადადებები და ჩვენ ვართ განხილვის პროცესი. მე არ მითქვამს, რომ სუბსიდირება განხორციელდება. განვიხილავთ სხვადასხვა ვერსიას და საბოლოო ჯამში, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ოპტიმალური იქნება ქვეყნისთვის და სექტორისთვის,“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში არც ერთი კვების პროდუქტის მომარაგების პრობლემა არ არის.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა იმპორტიორებთან, მუდმივ კავშირზე ვართ მათთან. ამ ეტაპზე არანაირი შეფერხება სურსათით მომარაგების კუთხით არ არსებობს. არის შეფერხება უკრაინასთან ვაჭრობის მიმართულებით; თუმცა, ეს საკითხი იმგვარად არის დარეგულირებული, რომ დღეს ქვეყანაში, არც ერთი კვების პროდუქტის, მათ შორის, პირველადი მოხმარების, მომარაგების პრობლემა არ არის. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით იმპორტიორებთან და საჭიროების შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი