პროკურატურამ სამონაზვნო პირზე ძალადობისთვის მორჩილს ბრალი წარუდგინა

23 თებერვალი 2022, 19:51 1197 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, მუქარის, თვითნებობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ვ.გ.-ს ბრალი წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.გ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს მიმართ განახორციელა დამამცირებელი მოპყრობა, კერძოდ ძალადობის მუქარით ამ უკანასკნელს გაპარსა წვერი, გახადა სასულიერო პირის შესამოსელი, რითაც ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა რ.მ.

ვ.გ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს მიმართ რამოდენიმეჯერ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ კვლავ ჩაიცმევდა სასულიერო პირის შესამოსელს, ამ მიზნით მან თვითნებურად გახადა, წაართვა და აუკრძალა მისი ჩაცმა.

ვ.გ.-მ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა ამ უკანასკნელის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია, ვიდეოჩანაწერების სახით, რაც ინტერნეტის მეშვეობით ასევე უკანონოდ გაავრცელა.

სამართალდამცველებმა ვ.გ. 2022 წლის 21 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (ძალადობა), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (მუქარა), 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა) და 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ვ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი