სანქციები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა, უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული - სალომე ზურაბიშვილი

22 თებერვალი 2022, 20:21 1280 ნახვა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში საერთაშორისო მედიას წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის მისამართით დაწესებული სანქციები სიმბოლურია, თუმცა მომავალში შეიძლება, გაცილებით მეტი სანქცია დაწესდეს.

"დღეს რაც ხდება სანქციების კუთხით, ჩემი მოსაზრება არ განსხვავდება იმ სულისკვეთებისგან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია. როდესაც დემოკრატიული ქვეყანა ხარ და არ პასუხობ აგრესიას, ეს შეიძლება, ვიღაცამ აღიქვას დემოკრატიის სისუსტედ, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია. როდესაც დიდია სხვაობა დემოკრატიასა და დიქტატურას შორის, დემოკრატიას აშინებს ადამიანთა სიცოცხლე და სწორედ ეს იქცევა შემდეგ სისუსტის საგნად. რეაგირება რა თქმა უნდა სანქციებით ხდება. მიმაჩნია, რომ ის სანქციები, რომელიც დაწესდა უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკელი ინვესტორები ჩავიდოდნენ ამ ორ რეგიონში, ლუგანსკში არ ჩადებდნენ ფულს, მაგრამ ეს არის სიგნალი იმისა, რაც მოხდება მომავალში. ეს სანქციები ცოტათი ბუნებრივია განსხვავებული სახითაც იქნება დაწესებული, იმისგან განსხვავებული, რაც გვინახავს ადრე. თუ რამე უნდა ვისწავლოთ წარსულიდან – 2008 წელს საქართველოში შემოსვლისა და 2014 წელს უკრაინაში შესვლის საფუძველზე არის ის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც მათ გააჩნდათ იმ ეტაპზე. ამის ფასი რუსეთს არ ჰქონდა გადახდილი სრულად, ვერ მოხდა მისი შეკავება, სწორედ ამიტომ გვაქვს ეს გამოწვევა დღეს.

ომის გარეშე რა შეიძლება, გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთს შევაგნებინოთ, ეს არის ის მორალური, პოლიტიკური, ფინანსური ფასი, რომელიც ექნება გადასახდელი. მექანიზმები არის სანქციები. მთელი რიგი სანქციებისა არის, რომელიც რეზულტატს გამოიღებს, არსებობს გამოცდილება დასავლეთის ქვეყნებში, როდესაც სანქციები დაწესდა და მან მოიტანა შედეგი. ბევრმა იფიქრა რომ გერმანია არ გადადგამდა ამ ნაბიჯს, მაგრამ გერმანია აქაც ძალიან სიმბოლური იყო. ყველამ დავინახეთ, რამდენად სიმბოლური სანქციები დაწესდა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ის რაც ახლა უკრაინაში ხდება "დეჟა ვუს" შეგრძნებას ტოვებს, რადგან საქართველოშიც იგივე მოვლენები განვითარდა 2008 წელს.

"დეჟა ვუს შეგრძნება მაქვს. განსხვავება რა თქმა უნდა, სცენარებს შორის არსებობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთი 2008 წელს არ იყო ზუსტად ისეთი, როგორც 2021, 2022-ში. განსხვავების ელემენტები აშკარაა, რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, წინასწარი შესავლის გარეშე და დეკლარაცია იმისა, რაც გუშინ ბატონმა პუტინმა განაცხადა, ყველასთვის შემაშფოთებელი იყო. არა მარტო საქართველო, მთელი ევროპა ასე გრძნობს. მთელი ევროპისთვისაა გასაზიარებელი პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია. მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს, რომ არა მარტო საქართველო ან უკრაინაა ყურადღების ცენტრში, არამედ, მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი