საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა. უწყების ცნობით, თეა ახვლედიანმა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი და მტკიცე მხარდაჭერა აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარების, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს შვიდი მოქალაქის გათავისუფლების საკითხს.