ჯანდაცვის მინისტრი ,,მწვანე პასპორტების'' გაუქმებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც პრემიერმა მთავრობის სხდომამდე გააკეთა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საუბარი პრემიერის ანტივაქსერობაზე არასწორია, რადგან ის აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციის წამახალისებელ ყველა კამპანიაში.
მისივე განმარტებით, მარტში საქართველოში ,,Pfizer''-ის ახალი ვაქცინა შემოვა, რომელიც „ომიკრონზე“ იქნება გათვლილი.
"პრემიერი ანტივაქსერი არ არის, შეუძლებელია რომ იყოს. მას აქვს ვაქცინის ორი დოზა გაკეთებული და ის აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში, სამოტივაციო სისტემაში, რაც წახალისების პროგრამით არის გათვალისწინებული, აქედან გამომდინარე თქმა იმისა, რომ ის ანტივაქსერია არასწორია.
მე ზუსტად გავიგე რაც იგულისხმა. ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომლებიც „ომიკრონის“ შემთხვევაში გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს. მან თქვა ის, რომ ინფიცირება ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო.
„ომიკრონთან“ დაკავშირებით, როგორც იცით ,,Pfizer''-მა უკვე შექმნა ახალი ვაქცინა, რომელიც კონკრეტულად „ომიკრონზე“ მუშაობს და ეს ახალი ვაქცინა მარტში გვექნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.