ძალიან მძიმეა ჩემთვის ეს ყველაფერი, მინდა დამნაშავე დაისაჯოს! - გიორგი შომახია კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 

10 თებერვალი 2022, 17:05 6205 ნახვა

ტრაგედიის დღეს დილის 11 საათზე შვილი გაკვეთილზე წავიყვანე. უკან ვბრუნდებოდი ხალხი გარბოდა. ქუჩაში მტვერი იდგა. ''საქართველოს ბანკთან'', რომ მივედი მეხსირება დავკარგე. ძალიან მძიმეა ჩემთვის ეს ყველაფერი. მინდა დამნაშავე დაისაჯოს! -  თქვა სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა, რომელსაც 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს მეუღლე და შვილი დაეღუპა. 

კორპუსის ჩამონგრევის დროს 12 წლის დათა შომახია​ ონლაინ გაკვეთილს ესწრებოდა, სახლში იყო მოზარდის დედაც.

გიორგი შომახიამ დღეს სასამართლო პროცესზე გაიხსენა, რომ ტრაგედიამდე კორპუსის პირველ სართულზე ხმაური იყო, სარემონტო სამუშაოებისგან გამოწვეული დისკომფორტის გამო ბავშვებს მეცადინეობაც კი უჭირდათ. თქვა, რომ სახლზე ბზარები ან სხვა პრობლემა არ შეუნიშნავს. 

"დაბადებინად 26 მაისის ქუჩაზე ვცხოვრობდი. 6 სართულიანი იყო კორპუსი. მეშვიდე სართული 90-იან წლებში დააშენეს. პრობლემა კორპუსს არ ჰქონია. არც ბზარები ან რაიმე სხვა პრობლემა შემიმჩნევია. ნეტა შემემჩნია.

მე არაფერი შემიცვლია ჩემს ბინაში. ნამყოფი ვარ მეზობლების ბინებში და იქ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.

ბოლო დროს ხმაური იყო პირველი სართულიდან. ბავშვებს ვერ ვამეცადინებდით. არც ჩავსულვარ არც მინახავს იქ რა ხდებოდა. ერთხელ შევხვდი ბინის მეპატრონე ბუდაგოვს. საუბარი ჰქონდა პირველი სართულის სარდაფზე, სადაც, სავარაუდოდ, სალონის გაკეთებას გეგმავდა.

მოვიდა ბუდაგოვი ესენიც დაღუპა და ჩვენც. ნორმალური ხელოსანი, რომ ყოფილიყო არაფერი მოხდებოდა.

კორპუსის ყველა ბინაში ერთნაირი პროექტი იყო. კორპუსში ძალიან სქელი კედლებია. ერთხელ, როცა ამ კედელზე კარადის გაკეთება მინდოდა, მუშამ მოთხრა, რომ იმ კედლისთის ხელი არ უნდა მეხლო'' - იხსენებს გიორგი შომახია. 

სასამართლო პროცესზე მას შენობაზე დამონტაჟებული ლიფტის შესახებაც ჰკითხეს. 

''ლიფტი რომელიც შენობაში იყო დამონტაჟებული 2019 წელს გააკეთეს. ჩვეულებრივად მუშაობდა. ლიფტის კაბინის და მისი კონსტრუქციის შესახებ დეტალურად არაფერი ვიცი'' - თქვა დაზარალებულმა. 

26 მაისის ქუჩაზე  სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი მამაკაცი კი გადარჩა.

საქმეზე პროკურატურას  სამი ბრალდებული  ჰყავს. ორ მუშას გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას,  გაუფრთხილებლობით  სხვისი ნივთის და ჯანმრთელობის დაზიანებას ედავება, ბინის მეპატრონეს კი  ბრალი  შრომის უსაფრთხოების  წესების დარღვევის მუხლით აქვს წარდგენილი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში