საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის პოსტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაიკავებს, ნათია თურნავა კი სამთავრობო გუნდს ტოვებს.
დავითაშვილი უკვე მეექვსე წელია მინისტრთა კაბინეტის წევრია, ის ამ დროისთვის ვიცე-პრემიერის პოსტსაც იკავებს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა. შამუგია აქამდე ლევან დავითაშვილის მოადგილის პოსტს იკავებდა.
"ლევან დავითაშვილი იყო წარმატებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ბოლო 5 წელი მან ერთგულად ემსახურა სამინისტროს, ქვეყანას და თავის საქმეს. იგი არის განათლებით ეკონომისტი და მჯერა, რომ იქნება წარმატებული ეკონომიკის მინისტრი. მას შეუნარჩუნდება ვიცე-პრემიერის თანამდებობაც.
მე მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ ნათიას გაწეული სამსახურისთის, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. ის სამი წელი იყო ეკონომიკის მინისტრი და რჩება ჩვენი გუნდის წევრად. მას აქვს თავისი გეგმები.
ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ოთარ შამუგიას, რომელიც აქამდე იყო ლევანის მოადგილე. ის არის დევნილი სოხუმიდან. მან 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში, მან დეტალურად იცის თუ რა სჭირდება სოფლის მეურეოებას, ამ დარგს და მჯერა, რომ იქნება წარმატებული მინისტრი.
მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ამ მიმართულებით ძალიან ბევრ სიახლეს წარვუდგენთ საზოგადოებას"-განაცხადა პრემიერმა.
ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა.