ხმაური ქობულეთის მერიაში

08 თებერვალი 2022, 14:47 2410 ნახვა

მაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ქობულეთის მერიის შენობასთან, სადაც საკრებულოს ოპოზიციის  წევრები და ჟურნალისტები მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არ შეუშვეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ქობულეთის მერთან  ითხოვდნენ  შეხვედრას. მათი თქმით, ლევან ზოიძესთან შეკითხვები 2019-2020 წლების აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით აქვთ, როდესაც ზოიძეს ვიცე მერის თანამდებობა ეჭირა და, მათი თქმით, პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება.  

ქობულეთის მერიის პრესამსახურში აცხადებენ, რომ რთული ეპიდვითარების გამო ქობულეთის მერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მერიის შენობაში არავინ  შეეშვათ.

პრესსამსახური ამტკიცებს, რომ მერს უარი არ უთქვამს ნაციონალური მოძრაობის წევრებთან  დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე. მერიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოუვლენია, მათი განმარტებით, დასკვნაში წარმოდგენილი რიგი ხარვეზი უკავშირდება სხვადასხვა პროცედურულ საკითხს, რომელიც არ სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს.

დღეს მერიის შენობაში მოქალაქეებიც არ შეუშვეს, ჰქონდა თუ არა ქობულეთის მერს სპეციალური წერილობითი განკარგულება გამოცემული, მერიის შენობაში მოქალაქეების არ შეშვების შესახებ? - ადმინისტრაციაში არ გვიპასუხეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში