გოგოლის ქუჩაზე მიწა ლევან ვარშალომიძემ 18 ლარად მიჰყიდა თურქულ კომპანიას - ლადო მგალობლიშვილი

07 თებერვალი 2022, 23:09 3158 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ამბავს ეხმაურება.

მგალობლიშვილის განცხადებით, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს შექმნას არარსებული სკანდალი.

დეპუტატი ამბობს, რომ წლების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს მისი გაფუჭებული საქმე "ქართულ ოცნებას" გადააბრალოს. 

"კიდევ ერთი მწარე სიმართლე, გმირების საფლავების გამყიდველებზე ბოლო პერიოდში ნაცმოძრაობის და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან არის უსუსური მცდელობა გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნან არარსებული "სკანდალი". საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს სიმართლე 2010 წელს ლევან ვარშალომიძემ 10 ჰექტარზე მეტი მიწის ჩალის ფასად (18 ლარად) პირდაპირი წესით მიყიდა თურქულ კომპანია. ტრაგიკომიკურია, რომ ამ დროს ბატონი კირთაძე იყო საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და კითხვაც კი არ გასჩენია სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე, დღეს კი ქალაქის დამცველის მანტიით შემოსილი, აპროტესტებს თავისივე გუნდის გადაწყვეტილებას", - წერს ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.

 

აჭარის მაუწყებელი დაუკავშირდა, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გიორგი კირთაძეს, რომელიც ამბობს, რომ 2011 წელს აღნიშნული ტერიტორია ინვესტორს თანამედროვე სავაჭრო ცენტრისა და ავტოსადგურის მოსაწყობად გადაეცა.

მისივე განმარტებით, ფაქტია, რომ პირობა დაირღვა და იქ გაურკვეველი ობიექტები შენდება.

"ეს დოკუმენტი ჩვენ კარგა ხნის წინ გავასაჯაროვეთ და ვაჩვენეთ საზოგადოებას, იქ უნდა აშენებულიყო არა რაღაცა გაურკვეველი წარმოშობის შენობები, არამედ ავტოსადგური და თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, რის გამოც აჭარის მთავრობამ აღნიშნული ტერიტორია პირობით გადასცა კომპანიას", - აცხადებს გიორგი კირთაძე.

 

ფოტო: არქივი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი