აჭარის განათლების მინისტრის მრჩევლად ხელვაჩაურის ყოფილი მერის ჯუმბერ ვარდმანიძის დანიშვნა ოპოზიციის წევრებმა სამინისტროსთან აქციით გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ჯუმბერ ვარდმანიძის მერობის პერიოდში, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 68 საქმეზე არის დარღვევა გამოვლენილი.
აქციის მონაწილეებმა განათლების სამინისტროსთან აუდიტის დასკვნები მიიტანეს, რომლებიც ვარდმანიძის მერობის პერიოდს მოიცავს. ისინი აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ და პასუხებს კითხვებზე თუ რატომ დანიშნა კორუფციაში მხილებული ყოფილი მერი მრჩევლად.
სამინისტროში განაცხადეს, რომ მაია ხაჯიშვილი კოვიდინფიცირებულია და სამსახურში დაბრუნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდება.
განათლების მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე ჯუმბერ ვარდმანიძე გასული წლის 25 ნოემბერს ბრძანების საფუძველზე დაინიშნა, უწყების ინფორმაციით, ეს პოსტი ვაკანტური იყო.