უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა განაცხადა.
გიორგი ღიბრაძის თქმით, ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი გზა არის ვაქცინაცია.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი გზა არის ვაქცინაციას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ რისკჯგუფების ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის შემდგომი გართულებები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რისკჯგუფებში, 50 წელს ზემოთ, პირველადი ვაქცინაციის შემთხვევაში კვლავინდებურად მუშაობს წახალისების პროგრამა და ის ითვალისწინებს 200 ლარს, ხოლო ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში კვლავინდებურად მოქმედებს 100 ლარიანი წახალისების სისტემა“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მობილიზებულია 8200-მდე საწოლი.
თამარ გაბუნიას თქმით, შემთხვევების სწრაფად ზრდის მიუხედავად ჰოსპიტალურ სექტორში საწოლების 35% თავისუფალია.
მისივე განმარტებით, რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა მცირდება.
„ჰოსპიტალურ სექტორში 8200-მდე საწოლი გვაქვს მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების სწრაფი მატება გვაქვს, ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლები არის 35%-მდე. კარგია ის, რომ რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა მცირდება. 263 პაციენტი იტარებს მკურნალობას რეანიმაციაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არის 1048 პაციენტი. მობილიზებულია ასევე, ცალკე ბავშვებისთვის საწოლფონდი და ბავშვების შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. დაყოვნების საშუალო ხანგრძლივობა არის 1-დან 3 დღემდე. რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, დღეიდან შევიდა კიდევ ერთი ცვლილება და სრულად დეცენტრალიზებულ მოდელზე გადავედით, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მეთვალყურეობა მიიღოს თავისივე ოჯახის ექიმისგან"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.