გვაინტერესებს შატალოვას მკვლელობის მოტივი და დამკვეთი, გამოძიებით უკმაყოფილო ვართ - ადვოკატი

26 იანვარი 2022, 15:51 1175 ნახვა

გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის, ანასტასია შატალოვას ადვოკატმა დღეს ბრიფინგი გამართა.

პაატა შავაძე აცხადებს, რომ ოჯახი გამოძიებით არის უკმაყოფილო. მისივე თქმით, ის გარემოება, რომ დამკვეთის საქმე პროკურატურამ ცალკე გამოყო მიუთითებს იმაზე, რომ მათ ინტერესში არ შედის დამკვეთის მოძიება.

ისინი დამკვეთისა და მკვლელობის მოტივის დადგენას ითხოვენ.

"გენერალური პროკურატურის მხრიდან გასაჯაროვდა, რომ გადაკვალიფიცირდა მუხლი და გამოძიება 109 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, დაუმძიმდათ ბრალი და გამოიყო დამკვეთთან დაკავშირებით საქმე. ეს იმას ნიშნავს, რომ უწყების ინტერესში აღარ შედის დამკვეთის მოძიება. დღემდე ვერ დადგინდა მოტივი, თუ ვის ინტერესში შედიოდა ასეთი საზარელი მკვლელობის ჩადენა და რისთვის.

ამიტომ ოჯახის სახელით ვაცხადებ, რომ გამოძიებით ვართ ძალიან უკმაყოფილო და მოვუწოდებ პროკურატურას ის საქმე, რომელიც გამოიკვეთა, დამკვეთთან მიმართებაში, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს და ამცნოს საზოგადოებას მიმდინარე მდგომარეობა, რადგან მაღალი ინტერესია. ველოდებით გაირკვეს მოტივი და დადგინდეს დამკვეთი.

ის გარემოება, რომ დამკვეთის საქმე გამოიყო ცალკე ნიშნავს, რომ ძირითად გამოძიებაში, საპროცესო ეტაპზე რატომღაც უწყებამ ვერ მოახერხა უზრუნველყო დამკვეთის დადგენა. ვერ დადგინდა ვინ დაუკვეთა ეს საქმე.

გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა და ერთ-ერთი ბრალდებულის ტანსაცმელზე ამოვიდა სისხლი. არის კიდევ სხვა მტკიცებულებები, რომელზე დაყრდობით ალბათობის მაღალი ხარისხით უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. ჩვენ გვაინტერესებს მკვლელობის მოტივი და დამკვეთი"-განაცხადა პაატა შავაძემ.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება დაუმძიმა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში