შესყიდვები ღიად და გამჭვირვალედ ხორციელდება - ბათუმის მერის პასუხი ენმ-ს

26 იანვარი 2022, 10:55 834 ნახვა

ბათუმის მერის განცხადებით, შესყიდვები ღიად და გამჭვირვალედ შესაბამის პლატფორმაზე ხორციელდება და ყველა კომპანიას აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა მასში სატენდერო დოკუმენტების გათვალისწინებით.

"შესყიდვების პროცედურები არის ღია და გამჭვირვალე. ბატონი ლევანი ,,ქართული ოცნების'' დეპუტატი როდის გახდა? ეს კომპანიები რამდენი ხანია არსებობენ. არა მარტო ამ ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლების დროსაც ხომ არ აქვთ მოგებული ტენდერები? მე რამდენადაც ვიცი, ისინი ყველა პერიოდში იგებდნენ ტენდერებს.

კონკურენციასთან დაკავშირებით ვერ დაგეხმარებით, ძალიან ღიად, გამჭვირვალედ ხდება შესყიდვების განხორციელება ელექტრონულ პლატფორმაზე და ყველა კომპანიას აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა სატენდერო მოთხოვნების გათვალისწინებით"-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერმა დღესვე კომენტარი გააკეთა მის კაბინეტთან განთავსებული დაცვის პოლიციის შესახებაც.

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, უწყების ნორმალურად ფუნქციონირებისათვის და იმისათვის, რომ დისკომფორტი არ შეექმნას მოქალაქეებს მიიღეს დაცვის ღონისძიებები.

"უწყების ნორმალურად ფუნქციონირებას აქვს თავისი წინაპირობა. რომ არ მოხდეს დესტრუქცია, შეცვენა-შემოცვენები, შევარდნა-შემოვარდნები, მათ შორის დისკომფორტი რომ არ შეექმნას მოქალაქეებს, ამისათვის მივიღეთ დაცვის ღონისძიებები.

ეს კონკრეტული ღონისძიებები ხორციელდება იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, მერიის მუშაობას და მუნიციპალიტეტს არ შეექმნას საფრთხე"-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი