გონიოში და თბილისის ზღვასთან ფინანსური ცენტრები აშენდება - ღარიბაშვილი 

17 იანვარი 2022, 11:24 965 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში 2 ფინანსური ცენტრი აშენდება, ერთი გონიოში იქნება, მეორე კი თბილისში, თბილისის ზღვასთან. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინანსური ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიები.

ღარიბაშვილის განმარტებით, ამ კომპანიის დელეგაციას საქართველოს მთავრობა 1 კვირაში მიიღებს. 

'' რამდენიმე თვის წინ მე გამოვთქვი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში ფინანსური ცენტრების შექმნის იდეას. ამის თაობაზე, ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან, ფინანსურ ჯგუფთან – Rothschild & Co-თან და მივიღეთ გადაწყვეტილება. მინდა, ეკონომიკის მინისტრს დავავალო, გაუწიოს კოორდინაცია ამ პროცესს, მომზადდეს და წარედგინოს საქართველოს მთავრობას საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. საკითხი ეხება შემდეგ იდეას და ინიციატივას – ჩვენი სურვილია, შევქმნათ საქართვლოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები.

გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა – ერთი, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი, რომელიც თბილისის ზღვასთან, სავარაუდოდ 110 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება ჩვენი სურვილისამებრ და ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული საქმიანი ცენტრი გახდეს აღნიშნული ადგილი.

ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში, გონიოს ტერიტორიაზე. გონიოში ჩვენ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ. ამის თაობაზე ჩვენ დავიწყეთ აქტიურად მუშაობა და აქვე გვინდა, შევქმნათ ფინანსური ცენტრი. სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს'' - განაცხადა პრემიერმა. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი