„დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს, ეს იმ პირობებში, როდესაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები"-ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
ადვოკატის თქმით, არანაირ ინფორმაციაზე წვდომა არ აქვთ იმაზე, თუ ვინ ზრუნავს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით.
"ბუნებრივია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა სააკშვილის ფუნდამენტური უფლებების. ასევე, ადვოკატებს არ გვაძლევენ პერსონალურად დახურული ფორმის კომუნიკაციის საშუალებას, რაზეც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და მოვითხოვეთ, რომ ეს შეზღუდვები მოხსნილიყო, თუმცა დღემდე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება და დირექტორი არაფერს აკეთებს, რომ ეს ბარიერი, რაც არსებობს, გაუქმებულიყო.
საჯაროდ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა კანონით დადგენილი წესით სააკაშვილთან კომუნიკაციის და ამ პროცესში დახმარებას ვთხოვთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველს და ნებისმიერ დაწესებულებას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს ამ დაცვის უფლების რეალიზებაზე.
აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ ორგანიზაციებს არ მოეხდინათ სათანადო რეაგირება ჩვენი უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ამისთვის არ ყოფილა საჭირო ოფიციალური მიმართვა. ჩვენ ნებისმიერი ფორმით გავაკეთებთ და მოვითხოვთ, მათ შორის წერილობითი ფორმითაც, რომ დაცული იყოს სააკშვილის კონსტიტუციური უფლება დაცვის თაობაზე, ანუ დაცვის უფლება იქნეს რეალიზებული.
ამ ფონზე სააკაშვილის პირადი ექიმის არ დაშვება მასთან, აჩენს ბევრ კითხვის ნიშანს და ააშკარავებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების და იუსტიციის სამინისტროს მიზანი ნამდვილად არ არის სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.