პასუხისგებაში მისცეს 9 პირი, რომლებსაც აშშ-დან ავტომობილები რეექსპორტის მიზნით ჩამოჰყავდათ და განბაჟების გარეშე ნაწილებად ახდენდნენ რეალიზებას

30 დეკემბერი 2021, 11:19 2287 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ჯგუფურად, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება- გამოყენების ფაქტებზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 9 პირი. ინფორმაციას საგამოძიებო უწყება ავრცელებს.

"გამოძიებით დგინდება, რომ 2017 - 2021 წლებში, სხვადასხვა პირების მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოყვანილ იქნა 71 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც შემდგომ, თითქოსდა რეექსპორტის მიზნით, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაფორმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

რეალურად კი ნაცვლად ავტომობილების ქვეყნიდან გაყვანისა, სატრანსპორტო საშუალებები განბაჟების გარეშე დაშლილ და რეალიზებულ იქნა ნაწილებად. აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ზიანი ჯამში 279 168 ლარის ოდენობით. გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულების მიერ ანაზღაურებულია ზიანი 242 891 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული სახის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით"- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი