88 მომხრე, 1 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
არჩევამდე პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებს თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მიმართა.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის.
ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო.
პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა, ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირისპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.