სააკაშვილი არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი - გიორგი მარგველაშვილი 

27 დეკემბერი 2021, 15:56 1473 ნახვა

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, სააკაშვილი ხაზგასმით პუტინის პატიმარია. 

''ჩვენ გვქონდა უაღრესად პროდუქტიული შეხვედრა. პირველ რიგში შეხვედრის ძირითადი ნაწილი ჩვენ ვსაუაბრობდით იმ უსაფრთხოების გარემოზე, რაც საქართველოს წინაშე არის. მიმოვიხილეთ ქვეყნის ირგვლივ შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება, რომლის მთავარი აქტორიც არის რუსეთი. 

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მათ შორის უკრაინას, ავტომატურად სარკისებურად აისახება საქართველოზე. ვსაუბრობდით, რომ ჩვენი ვალია, როგორც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების გავიზიაროთ ეს ღრმა შეშფოთება და სალომე ზურაბიშვილთან ერთად. ამ დაპირისპირებას, რომელიც ჩვენ შორის არსებობს, შეიძლება ძალიან მძიმე გამოწვევა დაუდგეს წინ, სადაც ყველას უნდა გვქონდეს გაერთიანების საფუძველი. 

ჩემთვის, ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი. ამას უნდა გავუსწოროთ თვალი,  ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი პუტინთან გამორჩეულად დაპირისპირებული ადამიანი და პოლიტიკოსი... რამდენიც არ უნდა გვქონდეს უთანხმოება ერთმანეთთან ან წარსულში, ან მომავალში, პუტინის ინტერესშია, რომ ეს ადამიანი ქართველების მიერ იყოს დაპატიმრებული და გამოკეტილი. ეს არის ჩემი პირადი შეფასება ვითარების, განსაკუთრებით, იმის შემდეგ, რაც დეტალურად ვისაუბრეთ არსებულ ვითარებაზე. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტების გაერთიანება, რომელიც  სალომეს მიერ არის ინიცირებული არის მისასალმებელი'' - განაცხადა მარგველაშვილმა. 

მისივე თქმით, საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, პოლიტიკური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

„გადავწყვიტოთ, გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ ჩვენი შეფასებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში. ეს საქმეები არის სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას, გვარამიას საქმეები, ანუ ის საქმეები, რაც საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ მიიჩნევა მოტივირებულად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები, ან უდანაშაულოები, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაფასების და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში ჩვენ ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ და შესაბამისად, საუბარი, როცა ამ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოიყაროს თავი, ამ საუბრის წინაპირობა არ შეიძლება იყოს მიმდინარე დევნა, ან პატიმრობა ამ საუბრის აქტორებისა.

ყოველგვარი იურიდიული შეფასების გარეშე, უბრალოდ, წინაპირობად ამ ურთიერთობის უნდა იყოს, რომ ამ მრგვალ მაგიდასთან, ვინც მივუსხდებით და ვისაუბრებთ საქართველოს ერთიან და მთლიან პოლიტიკაზე, ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის ჩვენი უმთავრესი გეოპოლიტიკური გამოწვევები, ამ ნაწილში ვერ ვიქნებით ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი, ამ პერიოდისთვის ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიუმი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი