ოფიციალურად ვაპროტესტებ თქვენი და თქვენი თანამშრომლების მოღალატეობრივ საქციელს და გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად აგებთ ამაზე პასუხს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომლითაც იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართავს.
მისივე თქმით, გუშინ, ბადრაგის თანამშრომლები ხელს უშლიდნენ ფურცელზე დახატული საქართველოს დროშის გამოფენაში და მის წართმევას ცდილობდნენ.
"იუსტიციის მინისტრს - გუშინ, ბადრაგის თანამშრომლები ხელს მიშლიდნენ ფურცელზე დახატული საქართველოს დროშის გამოფენაში და ცდილობდნენ დროშის ხელიდან გამოგლეჯას.
პუტინის საქმეს რომ აკეთებთ, ეგ დიდი ხანია ვიცი. მაგრამ, დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა.
ტყუილად კი არ თქვა დღეს ლავროვმა, რომ ქართველებს უკვე აღარ უნდათ ნატო-ში შესვლა. აქამდე ვერასდროს ბედავდნენ ამის თქმას.
ოფიციალურად ვაპროტესტებ თქვენი და თქვენი თანამშრომლების მოღალატეობრივ საქციელს და გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად აგებთ ამაზე პასუხს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.